ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსელ ბიზნესმენებს მოუწოდა ეძიონ რუსეთის ალტერნატიული ბაზრები. ამის მიზეზი კი, რუსეთის მხრიდან ბელარუსული სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქტის რუსეთში იმპორტის აკრძალვა სახელდება, - წერს ria.ru
ლუკაშენკოს განცხადებით, მას სურს რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა და განხილვა საკითხებისა, რომელიც ამ აკრძალვას ეხება. თუმცა ამავდროულად მოუწოდა ბელარუს ბიზნესმენებს ბაზრის გაფართოვებაზე იფიქრონ.
„თუ რუსეთს ჩვენი არ ესმის და არ უნდა, რომ ესმოდეს, მოდი შევხვდეთ პუტინს ინაუგურაციის შემდეგ, გავიაროთ დეტალურად ყველა საკითხი. უნდა გავერკვეთ, რა ხდება. თუ მათ გადაწყვიტეს ჩვენი დამცირება, არავინ
იცის რის გამო, მაშინ ჩვენ საკუთარ ბედნიერებას სხვაგან ვიპოვით. ამიტომ ეძიეთ ახალი ბაზრები. არ შეიძლება მხოლოდ ერთ ბაზარზე იყოთ მუდამ დამოკიდებულები", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, რუსეთში ახალზელანდიური მშრალი რძე შეიტანეს.
„ვიღაცა მიიღებს „ატკატებს" მშრალი რძისგან. ჯერ ეს ერთი რა მოიტანეს, რითი კვებავენ ხალხს. თუმცა ეს მათი პრობლემაა. მათ ეს არ ესმით და არც უნდათ გაიგონ. იმიტომ, რომ ყველგან „ატკატებია" , - განაცხადა ლუკაშენკომ.
ცნობისათვის, უკვე რამდენიმე წელია რუსეთი და ბელარუსი კამათობენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით - კონკრეტულად კი რძისა და ხორცის პროდუქციაზე. „როსსელხოზნადზორი" პერიოდულად აწესებს ემბარგოს ბელარუსულ პროდუქტებზე ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების საბაბით. ასე მაგალითად, მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთმა აკრძალა ბელარუსიდან რძის პროდუქტებისა და ხორცპროდუქტების შეტანა.