logo_geo
eng_logo
მამა გიორგი ზვიადაძე: საქართველოს ეკლესიის მოღვაწეობა არის ჩვენი ხალხისთვის მოღვაწეობა, ეკლესიას სხვა მიზანი არ აქვს
- +

6 ოქტომბერი. 2018. 20:42

 


მარიხუანას კულტივაციის თემაზე საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გრძელდება, საპატრიარქოს დუმილი საზოგადოებამ თანხმობად აღიქვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა. საპატრიარქომ ხელისუფლებას თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დაუფიქსირა, ამის შესახებ გაზეთი „ახალი თაობა“ წერს.


2 ოქტომბერს, საპატრიარქოში სასულიერო სემინარიის დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, ამ შეკრებაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და მარიხუანას კულტივაციის შესახებ არ უსაუბრიათ.

„არავითარი სხვა საკითხი არ განხილულა. ეს დღე საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესია. პატრიარქის უდიდესი დამსახურებაა, რომ მან თბილისის სასულიერო აკადემიის დაფუძნება შეძლო“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი მარიხუანას კულტივაციის შესახებ, პროტოპრესვიტერი პასუხობს, რომ ეს კითხვა შეხვედრას არ უკავშირდება. მამა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ ეკლესია აზრს არ შეიცვლის და მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია.

„საქართველოს ეკლესიის მოღვაწეობა არის ჩვენი ხალხისთვის მოღვაწეობა. ეკლესიას სხვა მიზანი არ აქვს. ხაზგასმით ვიტყვი, რომ საქართველოს პატრიარქს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მრევლს, ყველას ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს, რომ მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია. საქართველოს ეკლესია აზრს არ შეიცვლის. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდობისთვის, ჩვენი ხალხისთვის ეს საზიანო იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ სახელმწიფოს და ეკლესია სახელმწიფოს გვერდით დგას. ეკლესია არ საუბრობს დაპირისპირებისა და ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან. საპატრიარქო ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსადმი დიდი სიყვარულით ამბობს, რომ მარიხუანას კულტივაცია დაუშვებელია“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner