შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა ფუნქციონირება საპილოტე რეჟიმში დაიწყო. საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორში მოთავსებული ყველა არასრულწლოვანისა და სხვა დაკავებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგის მომსახურება.
მულტიდისციპლინური ჯგუფი იზოლატორში მოთავსებული პირების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის პირველად შეფასებას, კრიზისულ ინტერვენციას და ფსიქოლოგიურ კონსულტირებას განახორციელებს. ამავდროულად, იზოლატორის დატოვების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება არასრულწლოვნის შესაბამის უწყებაში გადამისამართება (რეფერირება).
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის ინიცირებული და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და ფონდთან -„გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ თანამშრომლობით, UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.