დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მეუღლესთან ერთად მიულოცა.
„დიდი სიყვარულით ვულოცავ შობის დღესასწაულს სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია და ვისურვებდი, რომ იესო ქრისტე შობილიყოს თითოეული ჩვენგანის გულში, ყოფილიყოს სიკეთის და მშვიდობის მომტანი, როგორც ჩვენი ოჯახებისთვის, ასევე, ჩვენი სამშობლოსთვის. ვისურვებ, საქართველოში იყოს მშვიდობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ 14 იანვრის ჩათვლით, ეწვიონ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე საახალწლო სოფელს, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
„ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში, 14 იანვრამდე გაგრძელდება. თქვენ შეგეძლებათ, რომ თქვენი შვილები მოიყვანოთ და ისიამოვნოთ. აქ იქნება სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები. 7 იანვრის საღამოს მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ ჩატარდება და ყველას გეპატიჟებით, როგორც ხვალ, ასევე, სხვა დღეებშიც“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.