რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კვლავ კარანტინია გამოცხადებული, ბავშვთა საავადმყოფოში კი, მნახველთა შესვლა შეზღუდულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, რუსთავში გრიპით დაავადების 200 შემთხვევა დაფიქსირდა, საბედნიეროდ, აქედან არც ერთი არ არის ე.წ. ღორის გრიპი.
„ბოლო მონაცემებით, გრიპის 200 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ეპიდემიურ ზღვარს არ სცილდება. რაც შეეხება კლინიკებში მიმართვიანობას, გაორმაგებულია გასულ წელთან შედარებით, 2017 წელთან შედარებით კი პირიქით, შემცირებულია. იმედი გვაქვს, რომ იანვრის მეორე ნახევარში მდგომარეობა დასტაბილურდება“, -განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით 35 პაციენტია მოთავსებული.