ცნობილი ქართველი მსახიობი ლევან აბაშიძე 29 წლის ასაკში დაიღუპა, 1992 წელს აფხაზურ - ქართული კონფლიქტის დროს, ზემო ეშერასთან. დღეს ლევანს 53 წელი შეუსრულდებოდა. საქართველომ დაკარგა ნიჭიერი, ულამაზესი და კეთილშობილი ახალგაზრდა.
ლევანმა ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მოასწრო ქართულ კინოში 14-მდე როლის შესრულება. მისი გმირები ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას უტოვებდნენ მაყურებელს. თითქოს, ლევანის ცხოვრების მიზანი ქართულ დრამა "ფესვებში" 1987 წელს ნათამაშებმა მისმა როლმა გამოავლინა - იგი "საკუთარ ფესვებს" შეეწირა. როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი საშინლად ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს ფილმიაო. არადა, იმ ხანებში ერთდროულად 3 ფილმში იღებდნენ. მეგობართან ერთად გადაფრინდა სოხუმში და პირველსავე ბრძოლაში დაიღუპა.
ლევანი ერეკლე II -ის პირდაპირი შთამომავალი იყო თეკლა ბატონიშვილის შტოდან. მასში დიდი ქართული, არისტოკრატული გენი ცოცხლობდა.
ულამაზესი ახალგაზრდა მსახიობი 1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა. ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძე მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე. ლანა ღოღობერიძემ ლევანს "ფრესკიდან გადმოსული" უწოდა.
ეს დიდებული ქართველი ვაჟკაცი, ქართული გენის მშვენება, საქართველოს ყოველთვის გაახსენდება მისი ხანმოკლე ცხოვრების ნათელი კვალით. ის ყველა ქართველს შეგვახსენებს წინაპართა ანდერძს - "ხის სიმაღლე მიწიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან. შენი ფესვები იქ არის, საქართველოში..."