“სილქნეტისა” და “ჯეოსელის” აბონენტებს ტარიფი დროებით აღარ გაუძვირდებათ. ამის შესახებ, კომპანია “სილქნეტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ცნობისთვის, კომპანია სატარიფო ცვლილებებს 1-ლი მარტიდან გეგმავდა.
“საზოგადოებას გვინდა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ კომპანია სილქნეტის მთავარი პრიორიტეტია აბონენტთა ინტერესების გათვალისწინებით მაქსიმალურად კომფორტული მომსახურების და პაკეტების შეთავაზება.
ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ, გაჩნდა კონვერგენტული (გაერთიანებული) პროდუქტების შეთავაზების აუცილებლობა. სილქნეტის თანამშრომლების მრავალთვიანი დაძაბული შრომის შედეგად, გამოვიტანეთ ახალი გაერთიანებული პაკეტები, რაც საზოგადოებას 2019 წლის 16 იანვარს შევატყობინეთ. ამის შემდეგ, მოხდა მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარის მიერ განცხადების გაკეთება, სადაც დაფიქსირდა ჩვენ ახალ პროდუქტებზე განსხვავებული მოსაზრება და მისი მხრიდან ეს ფასების გაძვირებადი იქნა შეფასებული, ასევე მან დააფიქსირა კვლევის ჩატარების აუცილებლობა. მარეგულირებელ კომისიასთან და პირადად მის თავმჯდომარესთან სილქნეტის მენეჯმენტის ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, კომპანია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ 1) დაველოდოთ მათ მიერ დაანონსებულ კვლევის შედეგებს 2) კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატაროს კვლევა უცხოელი ექსპერტების საშუალებით.
იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევები გონივრულ ვადებში ჩატარდება და მოგვცემს სწორი სურათის დანახვის საშუალებას. აქვე, გვინდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი დავაფიქსიროთ, რომ ახალ პაკეტებში მოხდა ინტერნეტის ერთეულის ფასის გაიაფება და არა გაძვირება სილქნეტი იმედს იტოვებს რომ კვლევები გონივრულ ვადებში დასრულდება და მათ დასრულებამდე ვაკეთებთ განცხადებას ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სილქნეტი” და “მაგთიკომი” ტარიფების გაზრდას გეგმავენ. თუმცა, კომუნიკაციების კომისია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და კომპანიებს მოუწოდა, რომ ტარიფების ზრდა დროებით შეაჩეროს. ამ ეტაპზე, უცნობია “მაგთიკომის” გადაწყვეტილება გაითვალისწინებს თუ არა კომისიის მოწოდებას და შეაჩერებს თუ არა ტარიფების ზრდას.