საქართველოს დელეგაციამ ევროპულ თამაშებზე კიდევ 2 მედალი მოიპოვა. ორივე მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა. გუნდი ასპარეზობაში გუშინ ჩაერთო. ბექა ლომთაძე (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) სანდრო ამინაშვილი (86 კგ) მეოთხედფინალურ ორთაბრძოლებში დამარცხდნენ, ხოლო გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) ნახევარფინალში დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა აზერბაიჯანელი ჯამალადდინ მაგომედოვი და ფინალში გავიდა. სამწუხაროდ, ამინაშვილი რეპეშაჟშიც ვერ გადაერთო, რადგან მისი მეტოქე ნაადრევად დამარცხდა, ხოლო ლომთაძემ რეპეშაჟის პირველივე შეხვედრა დათმო. სამაგიეროდ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ავთანდილ კენჭაძემ, რომელმაც ბელარუსის ნაკრების წევრი, აზამატ ნურიკაუ დაამარცხა. ევროპული თამაშების ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა გივი მაჭარაშვილს. ფინალში მაჭარაშვილი რუს ანზორ ხიზრიევთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
დღესვე ასპარეზობაში ჩაერთნენ 65 და 97 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენლები. ელიზბარ ოდიკაძემ მეოთხედფინალი წააგო და რეპეშაშჟი გადაერთო, რადგან მისი მეტოქე ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ლადომ ნახევარფინალში რუსი ახმედ ჩაკაევი ბრწყინვალე სტილში დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორს, მსოფლიოს 3 გზის ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდება.
წარმატებული დღე ჰქონდათ კანოისტებს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონმა ზაზა ნადირაძემ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და საკვალიფიკაციო გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალში ასევე იასპარეზებენ ბადრი ყაველაშვილი და მარიამ ქერდიყაშვილი.
ევროპული თამაშების მედალი გაიფორმა მოკრივეთა ნაკრების წევრმა ოთარ ერანოსიანმა. 60 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა აზერბაიჯანელი ჯავიდ ჩალაბიევი დაამარცხა. ერანოსიანი ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრს, გაბილ მამედოვს შეხვდება. ფინალში გადასასვლელად ასევე იბრძოლებს სახილ ალახვერდოვი (49 კგ), რომელიც იტალიელ ფედერიკო სერას დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, მეოთხედფინალური შეხვედრები დათმეს ნოდარ დარბაიძემ (52 კგ), არტიუშ გომციანმა (56 კგ), ნიკოლოზ ბეგაძემ (91 კგ) და მიხეილ ბახტიძემ (+91 კგ).
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ გუნდს 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი აქვს. 50 ქვეყანას შორის, საქართველო მე-3 ადგილზეა და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსს ჩამორჩება.