რუსეთის მთავრობამ სასურსათო ემბარგოს შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ რუსეთში შესაძლებელი იქნება ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი ბოსტნეულის, ასევე საქონლისა და ფრინველის ხორცის შეტანა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის წევრებს სასურსათო ემბარგოს 2017 წლის ბოლომდე გაგრძელების დადგენილების შემუშავება დაავალა.
ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაუწესეს. მოგვიანებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავების გამო დასავლეთმა ანტირუსული სანქციები გაამკაცრა. საპასუხოდ, რუსეთმა აკრძალა სურსათის იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მოსკოვს სანქციები დაუწესეს, კერძოდ აშშ-დან, ევროკავშირიდან, კანადიდან, ნორვეგიიდან და ავსტრალიიდან.