„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრი დავით კოღუაშვილი თავის ინტერვიუზე დამატებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ „ქართული გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში მისი ფრაზები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, ვისაც ამის გამო გული ეტკინა. აღნიშნულზე კოღუაშვილი „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საუბრობს.
დავით კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულმა მისმა ინტერვიუმ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, განსაკუთრებით კი კონტექსტიდან ამოგლეჯილმა იმ ფრაზებმა, რომელთა ტირაჟირებაც აქტიურად ხდება.
„შავით თეთრზე წერია ჩემი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის", როგორც ყოფილი პოლიტიკური მმართველი ძალის, ყველა იმ ძალმომრეობაზე, რაც მან იმ წლების განმავლობაში ჩაიდინა. მე ეს ტექსტი საკმაოდ გაშლილი მქონდა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნაწილი ამ ტექსტისა არ იყო სრულფასოვნად გადმოცემული... მაგრამ მთავარი ეს არ არის, ამავდროულად ითქვა ის ფრაზა, რაც ითქვა და გამოტანილ იქნა წინა გვერდზე. მე ერთი წუთით არ ვიხსნი პასუხისმგებლობას ჩემს ნათქვამ სიტყვებზე, უბრალოდ ვთვლი, რომ დამატებითი განმარტებებია საჭირო", - აცხადებს კოღუაშვილი.
მისი თქმით, ეს ყველაფერი განსაკუთრებით მოულოდნელი იყო მათთვის, ვინც მას კარგად იცნობს, იცის მისი პოლიტიკური წარსული და დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ 2003 წლიდან მოყოლებული. იგიმიხეილ სააკაშვილს იმპერატორს უწოდებს, რომელმაც საკუთარ თავზე მოირგო კონსტიტუცია და მთელი ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.
დავით კოღუაშვილი დასძენს, რომ ამ ამ ყველაფერში ექს-პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2003 წელს ამხილა და დატოვა კიდეც აქტიური პოლიტიკა. მისი თქმით, ხალხს კარგად ახსოვს 2007 წელიც, როდესაც ის აქტიურად ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს.