logo_geo
eng_logo
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
- +

17 ივლისი. 2019. 15:30

 

 

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 5 000 ლარის ოდენობით გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხება პროკურატურას, მათ სასამართლოს ბრალდებულისთვის პატიმრობის შუამდგომლობით მიმართეს. როგორც პროკურორმა თავის შუამდგომლობაში განმარტა, მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.

 

​რაც შეეხება ბრალდებულს, ის დუმილის უფლებას იყენებს.

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 სექტემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

 

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავა.  გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ  2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

 

დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ლევან იმერლიშვილს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner