„არ მგონია, რომ რაიმე კონსპირაცია იყოს ნიკა გვარამიას მიმართ“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გვარამიასთვის ბრალის წაყენება არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„ყველას არ ჰგონია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ მგონია, რამე კონსპირაცია იყოს ნიკა გვარამიას მიმართ. თუ მას აქვს დანაშაული ჩადენილი, მოუწევს პასუხისგება, თუ არ აქვს, ის იქნება თავისუფალი“, - განაცხადა პარლამენტარმა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.