logo_geo
eng_logo
პროკურატურა ნიკა მელიას მიერ სატელევიზიო ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით: უწყება იმსჯელებს მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის რეაგირებას
- +

10 სექტემბერი. 2019. 22:14

 

საქართველოს პროკურატურა იმსჯელებს მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში დეპუტატ ნიკა მელიას მიერ ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით განუცხადეს. სხვა კომენტარს პროკურატურაში არ აკეთებენ.

 

მელიამ დღეს ტელეკომპანია „კავკასიას“ ინტერვიუ მისცა. მანამდე, დეპუტატმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ინტერვიუს შესახებ მისმა ადვოკატმა აცნობა პროკურორს, პასუხად კი კატეგორიული უარი მიიღო.

 

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, სასამართლოს აკრძალვით ვერანაირად ვერ შეეზღუდება მელიას პარლამენტარის უფლებამოსილება, ვინაიდან ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული.

 

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

 

მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner