„ჩვენი ქვეყნის ამოცანა არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაზეც ჩვენს ქვეყანაში ყველა უწყება და ორგანო სინქრონულად მუშაობს“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
დავით მათიკაშვილის თქმით, თუ ვინმემ გაატარა რუსული პოლიტიკური ხაზი საქართველოში, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილი და მისი „ბეცი პოლიტიკა“ იყო.
„გავეცანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებს. მიხეილ სააკაშვილს სჩვევია სასურველის რეალობად გასაღება.
ჩვენ კარგად ვიცით, სააკაშვილის ბეცმა პოლიტიკამ სადამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა. თუ ვინმემ გაატარა რუსული პოლიტიკური ხაზი საქართველოში და ეს შედეგობრივად დაეტყო ქვეყანას, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო. ასეთ აბსურდულ ბრალდებებზე სერიოზული პასუხის გაცემა რამდენად შეიძლება, არ ვიცი. ერთს ვიტყვი, რომ საქართველოს კონსტიტუციას კარგად გაეცნოს ყველა დაინტერესებული პირი, განსაკუთრებით მის გარდამავალ დებულებებს, სადაც შავით თეთრზე არის მითითებული, რომ ჩვენი ქვეყნის ამოცანა არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაზეც ჩვენს ქვეყანაში ყველა უწყება და ორგანო სინქრონულად მუშაობს. შინაარსობრივად ეს წერია კონსტიტუციაში. ეს ქვეყნის ძირითადი კანონია, რომლის შესაბამისად ცხოვრობს ჩვენი სახელმწიფო. შესაბამისად, სააკაშვილისგან მსგავსი კომენტარები ჭკუასთან, მოცემულ რეალობასთან ახლოს არ იქნება. ნამდვილად არ მიკვირს მისგან ასეთი კომენტარები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პუტინს გადაწყვეტილი აქვს, 2024 წლისთვის აღადგინოს საბჭოთა კავშირი და საქართველო, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინის ძირითადი ნაწილი შეიერთოს.