საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველომ მოითხოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქედის მოხრას ან საერთაშორისო კონტექსტიდან ქართული მხარის ინტერესების ამოვარდნას.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, დავით ზალკალიანი საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.
„არ მგონია, რომ დავით ზალკალიანმა განმარტებებს რაიმე დააკლო, როცა შეხვედრაზე საუბრობდა. ინიციატორზე ათასჯერ არის კითხვა დასმული. საქართველოს თემა და პრობლემა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი სეგმენტი გლობალური ფორმატის დაპირისპირების. თუ ვამბობთ, რომ შეხვედრა და მოლაპარაკებაა საჭირო, ეს არ არის დაცილებული იმ პოზიციასთან, რასაც საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ჰქვია. ამ შემთხვევაში საკითხის გაპრიმიტიულება – შეხვედრა ვინ მოითხოვა, ეს არის პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ასპექტი. ოპოზიცია რა სისულელეებსაც ამბობს, პასუხს არ გავცემ. პრობლემა არსებობს და ორი გზით გვარდება – ან შეირაღებული გზით, ან მოლაპარაკების. საერთაშორისო ასპექტი მობილიზებულია, რათა დაძაბულობა როგორმე შევამციროთ. რაც შეეხება ფრენებს, პასუხი არ მაქვს, შეიძლება, უფრო მეტი ინფორმაცია დავით ზალკალიანს უახლოეს მომავალში ჰქონდეს, რომელიც პარლამენტში აუცილებლად უნდა მოვიდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.