რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელს 70 მილიონი ლარით გაიზრდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე მინისტმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წელსაც მთავარი მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იქნება. ბიუჯეტის დაახლოებით 18% კი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
„ჩვენი ბიუჯეტი 2019 წლის განმავლობაში იყო უპრეცედენტოდ მაღალი, თუმცა 2020 წელს, საჭიროებებიდან გამომდინარე, იზრდება 70 მილიონი ლარით და გვექნება საშუალება კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ. ყველაზე დიდი წილი ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას უჭირავს, რაც ასახავს იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აქვს, მათ შორის ამაში შედის ის საერთაშორისო მაგისტრალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის აუცილებელი. 2020 წელს გავაგრძელებთ და აქტიურ ფაზაში არის შესული როგორც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი, ასევე ქვეშეთი-კობის, ასევე სხვა საერთაშორისო მაგისტრალების მონაკვეთები. ჩვენ 2020 წელს შევძლებთ ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნას, ასევე ხაშურის შემოვლით გზას, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს და გავაგრძელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც რეგიონებში ასე სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. დაახლოებით, ეს არის გზების 600 მონაკვეთის რეაბილიტაცია-შეკეთება და ეს არის შედეგი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იგრძნობს.
გარდა ამისა, იცით, რომ მოსახლეობის საჭიროებები მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი წყალმომარაგების ნაწილში. ეს არის სფერო, სადაც ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. 2019 წელს ჩვენ 30%-ით გავზარდეთ ამ მიმართულებით ბიუჯეტი, მაგრამ 2020 წელს შევძელით, რომ კიდევ გამოგვენახა ერთობლივად რესურსები, დაახლოებით 40 მილიონი ლარით ამ ბიუჯეტის გასაზრდელად”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.