logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება ტურიზმის მიმართულებით...
- +

30 სექტემბერი. 2019. 14:05

 

„მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება ტურიზმის, განსაკუთრებით სამთო კურორტების მიმართულებით. ჩვენი ყურადღების ცენტრში გაისად, პირველ რიგში, ბაკურიანი იქნება“, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

 

„ჩვენ წელს ბაკურიანში დავიწყეთ ახალი საბაგიროების მშენებლობა და ეს სამუშაო გაისად დასრულდება. გარდა ამისა, შეიქმნება მიმდებარე ახალი სასრიალო არეალი და ყველა თანდართული ინფრასტრუქტურა განვითარდება. ეს იქნება ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ, კარგ წინაპირობას შეუქმნის კერძო ბიზნესს, რომ განავითაროს ტურისტული ობიექტები ბაკურიანში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით, სამინისტრო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას გააგრძელებს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, გაძლიერდება პროგრამების ეფექტური მართვა, გახდება უფრო მიზნობრივი და საჭიროებებზე ადრესირებული. ასევე, გამოიყოფა კონკრეტული დარგობრივი პრიორიტეტები და მხარდაჭერის ძირითადი ადრესატი მცირე ბიზნესი იქნება.

 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პრივატიზების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი პრიორიტეტი და გზაა იმისა, რომ „უფრო მეტი სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო აქტივი ჩაერთოს ეკონომიკაში და ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს“.

 

„წელს დაგეგმილი გვქონდა 60 მილიონი ლარი შემოსავალი პრივატიზებიდან. ეს გეგმა პრაქტიკულად უკვე შესრულებულია და ჩვენ აწი ვმუშაობთ გადაჭარბებაზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება გაისად დავაჩქაროთ პრივატიზების ტემპი და გავზარდოთ პრივატიზებიდან ბიუჯეტში შემოსავლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ბევრია ობიექტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ასევე უწყებრივი მიმართულებებით, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება უფრო ყაირათიანი, ეფექტიანი განკარგვა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავამკაცროთ ამ კუთხით მიდგომები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner