ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პორტი იყო და არის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მაღალი მხარდაჭერა არც ერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია.
„ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება. უპრეცედენტო მხარდაჭერით სარგებლობს ეს პროექტი - დაწყებული მიწების გამოსყიდვით, დამთავრებული ძალიან მასიური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც მისაყვანია ანაკლიის პორტამდე. დაფინანსებაშიც მიიღებს სახელმწიფო მონაწილეობას 100 მილიონი დოლარის მეშვეობით. ასეთი მხარდაჭერა არც ერთ სხვა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია. თან ისეთ პროექტს, სადაც კერძო ბიზნესი მონაწილეობს. ჯერი კერძო ბიზნესზეა, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეს პროექტი შეიკრას და დროულად დაიწყოს“,-აღნიშნა თურნავამ.
მინისტრი განმარტავს, რომ პროექტის დაწყების დაგვიანებამ სახელმწიფო დააზარალა.
„თვითონ ამ პროექტის დაგვიანებამ სერიოზულად დაგვაზარალა. სულ მცირე, 600 მილიონი დოლარის დახარჯვას ველოდებით ამ პროექტში. ჩვენ სისხლხორცეულად დაინტერესებულები ვართ, რომ ეს პროექტი დროულად დაიწყოს, სხვა განწყობები არ არსებობს“,-განაცხადა ნათია თურნავამ.