საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პუგლისს უმასპინძლა. თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე NATO-საქართველოს ურთიერთობები, მიმდინარე წლის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
როზარია პუგლისმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა.
როზარია პუგლისთან შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰუბერტ ქნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი კონტრიბუციის მნიშვნელობა აღნიშნა და სამაგალითო სამსახურისთვის ქართული მხარის მიმართ პატივისცემა და მადლიერება დაადასტურა.