„მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი“, – ამის შესახებ აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შვიდი წელია, ქართველი ხალხი ყოველ არჩევნებზე ადასტურებს პირველი ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას და მთელ მსოფლიოს უდასტურებს, რომ ძალადობრივი რეჟიმი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს დაბრუნდება, ქართველი საზოგადოება რევანშს არ დაუშვებს.
„შვიდი წელი გავიდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის ისტორიული მოვლენიდან.
ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის კოალიციამ არჩევნების გზით გაიმარჯვა ძალადობრივ რეჟიმზე.
ქვეყანას წლები დაჭირდა, რომ წარსულისთვის ჩაებარებინა ძალადობაზე, შიშზე და წამებაზე დაფუძნებული მძიმე მემკვიდრეობა.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს პირველი ოქტომბრის გამარჯვების ფასი. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სახით და რა სისასტიკეზე გავიმარჯვეთ ყველამ ერთად.
უკვე შვიდი წელია, ქართველი ხალხი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყოველ არჩევნებზე ადასტურებს პირველი ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას და მთელ მსოფლიოს უდასტურებს, რომ ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს დაბრუნდება, ქართული საზოგადოება რევანშს არ დაუშვებს.
„ქართული ოცნება“ აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა, პროგრესი და სწრაფვა კეთილდღეობისკენ.
კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია – განვლილი შვიდი წელი გაჯერებული იყო დიდი საქმეებით, გამარჯვებებით და მიღწევებით.
ეს ის შედეგებია, რომელიც მიღწეულ იქნა დესტრუქციული ძალების ქმედებების და მათი მედიაპროპაგანდის ფონზე. იმ ფონზე, როდესაც რევანშისტული ძალები ამ მიღწევებს უპირისპირებდნენ სიცრუის ტირაჟირებას, რეალობის მოდელირებას და შვიდი წლის მანძილზე ცდილობდნენ სიკეთის ბოროტებად, თეთრის შავად წარმოჩენას.
დღეს მიღწეულია დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და ამის კიდევ ერთი დასტურია მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ისახავს მიზნად. არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებულ ტრადიციად იქცა ქართული დემოკრატიისთვის. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოავლენს უზენაეს ნებას – ვის ანდობს ქვეყნის მართვას.
ერთად განვლილი შვიდი წელი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თანმიმდევრულ, მშვიდობიან და ადამიანზე ორიენტირებულ პასუხისმგებლიან პოლიტიკას აწარმოებს და მას შესწევს ძალა, ქართველ ხალხთან ერთად დაძლიოს ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.
ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ და ქვეყანას აუცილებლად დავაყენებთ შეუქცევადი განვითარების რელსებზე!
გილოცავთ დღევანდელ დღეს!“ – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.