თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა NATO-ში ინტეგრაციის გზაზე თურქეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი რეგიონში უსაფრთხოებას და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს შეეხო.
ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის ჩართულობაზე და სამხედრო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი და თურქი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზეც გამახვილდა.