თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, ორბელიანის მოედანზე გამართულ „თბილისობის“ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა დარჩია და ირაკლი ზარქუა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ წლევანდელი თბილისობის პროგრამა სრულიად განახლებული და ძალიან საინტერესოა.
„მინდა, ყველას მივულოცო თბილისობის დღესასწაული. წელს თბილისობა სრულიად განახლებული და მრავალფეროვანი პროგრამით ტარდება. თბილისის მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ, თბილისელები და ჩვენი ქალაქის სტუმრები კმაყოფილები იქნებიან. ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი ადგილი განახლებული ორბელიანის მოედანია, სადაც ულამაზესი პავილიონებია მოწყობილი,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
„თბილისობა 2019“-ის ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე ყვავილების ფესტივალი შემოდგომის თბილისი; ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები; თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები; ORBELIANI OPEN MARKET-ი; მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი, პროექტი ,,გვიდირიჟორე” იმართება. ორბელიანის მოედანზე გამართული ღონისძიებები დღის ბოლოს თბილისობის გალა კონცერტითა და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.