logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია
- +

5 ოქტომბერი. 2019. 21:39

 


მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მთაწმინდის პარკში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, სადაც ხუთი ფინალისტიდან გამარჯვებული მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. მას ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, "გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა" 10 000 ლარი გადასცა. 

ჯილდოს გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომელმაც პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მინისტრის თქმით, განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით კი, პედაგოგებისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო თუმცა, სამინისტრო კიდევ უფრო მეტად იზრუნებს პედაგოგებზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია.


„თითოეულ პედაგოგს გილოცავთ დღევანდელ დღეს! წლევანდელი წელი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. წელს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენი უმაღლესი განათლება დ მეცნიერება ევროპული სისტემის ნაწილი გახდა, რაც ნიშნავს, რომ 1-ლი იანვრიდან, ყველა ქართველ მეცნიერს, რამდენიმე მილიონიანი ევროს ბიუჯეტზე ექნება წვდომა. გარდა ამისა, ევროპულ სივრცეში უკვე გაწევრიანდა 5 ქართული უნივერსიტეტი, მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, რაც
ასევე დიდი მიღწევაა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელია", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის 6000-ზე მეტმა პრაქტიკოსმა პედაგოგმა მიიღო სახელმწიფო ჯილდო ორი წლის ჯამური ხელფასის სახით. გაიზარდა პედაგოგთა ანაზღაურება, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება. ახალი მასწავლებლებისთვის სკოლის კარი გაიხსნა.

"დაგპირდით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ პედაგოგის პროფესია ყოფილიყო დაფასებული და დანაპირებს ვასრულებთ. კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ, ვიზრუნებთ თქვენზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია“, - განაცხადა მინისტრმა და ღონისძიების ავტორებსა და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში.

​როგორც "რეპორტიორს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „„The Global Teacher Prize“​ ნაწილია.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის გენერალური სპონსორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდია და ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლიბერთი ბანკის, ტელეკომპანია "იმედის", საზოგადოებრივი მაუწყებლის და მარკეტინგული კომპანია „4MEDIA“-ის მხარდაჭერით ტარდება.

წელს, ასევე საუკეთესო ათეულის მასწავლებლებისთვის პრიზები დააწესეს "ბაქსვუდის" საერთაშორისო სკოლამ, გიმნაზია „შავნაბადამ“, სკოლა-ლიცეუმმა „პრომეთემ“, ქართულ-ამერიკულმა სკოლა „პროგრესმა“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა სააგენტომ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სულაკაურის გამომცემლობამ, როტარი კლუბმა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner