გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, საქართველოსა და გერმანიას საამაყოდ ინტენსიური თანამშრომლობა აქვს.
„თქვენ იცით, რომ გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისა. ჩვენ გვაქვს საამაყოდ ინტენსიური თანამშრომლობა ამ ორი ორგანიზაციის ფარგლებში. ჩვენ ვაცნობიერებთ ამას და თქვენც ხაზი გაუსვით ამას, რომ საქართველოს არ ჰყავს, მარტივად რომ ვთქვათ, ხელსაყრელი სამეზობლო, არ არის მარტივი გეოგრაფიული მდებარეობა. ხვალ თავად მივემგზავრები ადმინისტრაციული საზღვრისაკენ, მივუახლოვდები ცხინვალის რეგიონს, ე.წ. სადემარკაციო ხაზს. თქვენ ახსენეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.
ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.