„მე ვიცი, რა გეგმები აქვს ვანო ზარდიაშვილს და ძალიან მოკლე დროში გექნებათ სრული ინფორმაცია“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც უმრავლესობის დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის მხრიდან მანდატის შესაძლო დატოვებას შეეხებოდა.
როგორც თალაკვაძემ განმარტა, თანამდებობა და დეპუტატის მანდატი ვანო ზარდიაშვილისთვის არ არის თვითმიზანი და ეს არის საშუალება საქმის საკეთებლად.
„დეპუტატის მანდატიც და ნებისმიერი თანამდებობაც არის საშუალება, რომ საქმე გავაკეთოთ. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ზედმეტი ყურადღება და აჟიოტაჟი არის მისთვისაც და ჩვენთვისაც მიუღებელი. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მე მქონდა საუბარი ზარდიაშვილთან და ვიცი, რა გეგმები აქვს მას, რა გეგმები აქვს ჩვენს თითოეულ თანაგუნდელს სამომავლოდ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, თქვენ გეცოდინებათ უფრო მეტი მალე და ალბათ, უპრიანი იქნება, რომ ამასთან დაკავშირებით თავად ზარდიაშვილმა ისაუბროს. მე მაქვს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მქონდა საუბარი არაერთხელ და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, პარლამენტის დეპუტატის მანდატი უახლოეს პერიოდში უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დატოვოს.