„თუ ილია ჯიშკარიანს დანაშაული დაუმტკიცდება, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა გაემიჯნოს, არამედ ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები შეექმნება მომავალ ცხოვრებაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ნაჩქარევმა კომენტარებმა შეიძლება დააზიანოს ერთი და მეორე ადამიანი. ადამიანური ფაქტორი მნიშვნელოვანია. თუ ეს დადასტურდა, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა გაემიჯნოს, არამედ ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები შეექმნება მომავალ ცხოვრებაში. სამართლებრივი მხარე კიდევ ცალკე თემაა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-ე მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.