„საქართველოზე როდესაც ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ ვისაუბროთ იმ დიდ პრობლემასა და გამოწვევაზე, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ოკუპაციას ეხება“, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა და საპატრიარქოში დელეგაციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს დილას შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, იმ გამოწვევებსა და მდგომარეობაზე, რაც საქართველოში არსებობს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ შთამბეჭდავი გზა განვლო დემოკრატიის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისა და შიდა რეფორმების მიმართულებით. ხანდახან, როდესაც რეფორმებს ვუყურებთ, გვავიწყდება, რა გზა გაიარა ქვეყანამ და მან მართლაც შთამბეჭდავი გზა გაიარა. სამი ძირითად მიმართულებას გამოვყოფდი – ასოცირების შეთანხმების დადება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება და ვიზა-ლიბერალიზაცია. ამ სამ მნიშვნელოვან ასპექტს გამოვყოფდი, რაც მართლაც დიდი მიღწევაა“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ეძებს გამოსავალს, რათა კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაიჭრას.
„თქვენ ახსენეთ, რომ უნდა მოიძებნოს კონფლიქტის გადაჭრის გზები. მინდა, გავიხსენო, როდესაც 2008 წლის ივლისში პირველად ვიმყოფებოდი საქართველოში, მაშინ გვინდოდა, მოგვეძებნა გამოსავალი, რომ ეს არ გადაზრდილიყო კონფლიქტში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ვიცი, რომ თქვენი მთავრობა ეძებს გამოსავალს, კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაიჭრას და რა თქმა უნდა, აქ ჩართული უნდა იყოს მეორე მხარე, რუსეთის აქტიური ჩართულობაც გარდაუვალია“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
მისივე თქმით, ხვალ კონფლიქტისპირა სოფლებს ესტუმრება, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.
„ხვალ დელეგაციასთან ერთად გავემგზავრებით ადმინისტრაციულ საზღვართან, სადაც დაგვხვდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რათა ჩვენი თვალით ვნახოთ იქ არსებული სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რას ვნახავთ, ძალიან კარგად ვიცი, რა სიტუაციაა და ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა ამ საზღვრების გავლება და კონტროლი. ეს საზღვრის გავლება ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც ორივე მხარეს ცხოვრობენ. ეს ერთი მხრივ, არის ჰუმანიტარული მხარე და მეორე, ძალიან მაინტერესებს, როგორ ახერხებს ავტოკეფალური ეკლესია ასეთ სიტუაციაში ეკლესიური ერთობის შენარჩუნებას“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს შეხვდა.