„სამართლიანობის ქალღმერთი მაშინ არ ახსოვდათ, როცა სისხლისფრად შეღებეს თბილისის ქუჩები და მოედნები“, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მისამართით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, შესაძლოა კითხვები იყოს, თუმცა ის სულისკვეთება, რომლითაც მისი ზოგიერთი კოლეგა გამოირჩევა, მისთვის მიუღებელია.
„ეს ადამიანები ისე საუბრობენ, თითქოს თვითონ არ იყვნენ იმ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები, რომლის ძალიან ბევრი მსხვერპლიც სამწუხაროდ, გამოიტირა ჩვენმა ქვეყანამ.
თითქოს ეს ადამიანები არ იყვნენ პარლამენტის წევრები, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები. მაშინ არ ახსოვდათ არც თანასწორობა, არც სამართლიანობის ქალღმერთი აღარ ახსოვდა არავის მაშინ, როცა სისხლისფრად შეღებეს თბილისის ქუჩები და მოედნები, მაშინ როდესაც სახალხო დამცველს, რომელსაც ზედამხედველობა უნდა გაეწია ამ ყველაფერზე, ხელით შეეხნენ და სცემეს. მათ მაშინ არაფერი ახსოვდათ და ახსოვთ მხოლოდ ახლა. განსაკუთრებით მძიმედ ჟღერს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან ეს სულისკვეთება, არა კითხვები, კითხვები უნდა იყოს, მაგრამ 2003-2012 წლებში რაც ქვეყანაში ხდებოდა, ამის ჩვენზე გადმობრალება და თითის გამოშვერა ძალიან დიდი უღირსობაა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სამართლიანობის ქალღმერთთან დაკავშირებით შეკითხვა შალვა თადუმაძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ დაუსვა.
„იცით, ვინ იყო თემიდა? თემიდა იყო ყველაზე დიდი ღმერთის, ზევსის ცოლი. ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო თემიდა, დანიშნავდა იგი მას იუსტიციის მინისტრად? თქვენ რომ „ქართუ ბანკის“ იურისტი არ ყოფილიყავით, თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული პირი არ ყოფილიყავით, გახდებოდით გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს წევრი?“-მიმართა გოცირიძემ შალვა თადუმაძეს.