მმართველი პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმდენი რუსული საქმე, რამდენიც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნისას გაკეთდა, რუსეთის ახალი საბჭოური იმპერიის ერთ–ერთი სულის ჩამდგმელის, სერგო ორჯონიკიძის მერე არავის გაუკეთებია.
როგორც ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" თოქშოუ "SWOT ანალიზში“ მონაწილეობისას განაცხადა, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის შედეგებია ის, რომ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20%, დაღუპულია რამდენიმე ასეული ადამიანი, ათობით ათასი კი დევნილია, რამდენიმე ასეული სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთთან ომში.
მისივე თქმით, ნაციონალების ხელისუფლებას დასავლეთიდან 4 მილიარდ ნახევარი აშშ დოლარის დახმარება რომ არ მიეღოთ, მთლიანად ჩამოიშლებოდა ქართული ეკონომიკა.
„კომუნისტებს, 70 წლის განმავლობაშიც კი არ გაუკეთებიათ საქართველოში იმდენი რუსული საქმე, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა. ესენი არიან პოლიტიკური ძალა, რომლებმაც თავისი ნაბიჯების შედეგად მიგვაღებინეს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი სრულად ოკუპირებულია. ეს არის ზუსტად მათი პოლიტიკის შედეგები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში რუსული საქმე გააკეთა, რაც 2008 წლის ომით დაგვირგვინდა, რაც მათი ავანტიურისტული თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია.
" დღეს ისინი პროდასავლური იარლიყის მიწებებას ცდილობენ. გარდა იმისა, რომ ამდენი რუსული საქმე აკეთეს საქართველოში, ამდენი ანტი დასავლური საქმეც არავის უკეთებია საქართველოში მთელი ამ ეპოქის განმავლობაში. პირდაპირ უპირისპირდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებიც არის დაკავშირებული დასავლეთთან და ისინი მთლიანად იყვნენ აცდენილი ამ ღირებულებებს, რაც იყო მათი შეგნებული გადაწყვეტილება. ამის შედეგი იყო ის, რომ მასობრივად ილახებოდა ადამიანის უფლებები, დემოკრატია იყო ფეხქვეშ გათელილი და საბოლოო ჯამში, სწორედ მათი პოლიტიკის შედეგად, ჩვენ არათუ ვერ დავუახლოვდით ბოლო წლებში დასავლეთს, პირიქით, დავშორდით, ვიდრე 2012 წელს არ შეიცვლებოდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა დავუპირისპირეთ იმ აბსოლუტურად ირაციონალურ პოლიტიკას, რომელმაც მოგვიტანა ზუსტად ის შედეგები, ის რუსული საქმე და ანტიდასავლური საქმე, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ 2012 წლამდე. შედეგით იზომება ყველაფერი. მათი პოლიტიკის შედეგი ვიცით რაც იყო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.