logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: 2018 წლის ზაფხულამდე არავის გასჩენია კითხვები ჩემს დიპლომთან დაკავშირებით
- +

9 ოქტომბერი. 2019. 20:45

 


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ 2018 წლის ზაფხულამდე არცერთ ადამიანს არ გასჩენია კითხვა მისი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით. 1997 წლის კანონმდებლობით ჰქონდა უფლება, ექსტერნატის ფორმით დაემთავრებინა სასწავლებელი, ხოლო  დიპლომის გამცემი ვალდებული იყო, მიეთითებინა სასწავლო პროგრამის ვადა.

 

 

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მიმდინარე მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენაზე დაინტერესდა, რატომ არ გამოიყენა თადუმაძემ დიპლომის ნამდვილობის დასაზუსტებლად არსებული პროცედურები, რათა ეჭვის საფუძველი გამქრალიყო, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ვერ ივლის პირადი არქივით. თუმცა, მის პირად არქივში არა მხოლოდ სტუდენტობის დოკუმენტები, არამედ სხვა იურიდიული დოკუმენტებიც არსებობს, რომლებიც ასაბუთებს, რომ ნამდვილად ამ სასწავლებელში სწავლობდა.

 

 

"საქმე ან არაკვალიფიციურობასთან გვაქვს, ან არაკეთილსინდისიერებასთან. ძალიან ვწუხვარ, რომ სახალხო დამცველი ამ ფერხულში ჩაება. როდესაც სახალხო დამცველის შესაბამის უწყებას კითხვები უჩნდება მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით, მან ჯერ კანონმდებლობა უნდა ნახოს. ამ კანონმდებლობის თანახმად, მე შემეძლო ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა სწავლება", - განაცხადა თადუმაძემ სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ, მის დიპლომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

 

 

მისივე ინფორმაციით, ის, რომ 1997 წლის სასწავლო წელთან დაკავშირებით ინსტიტუტმა დაამტკიცა პროგრამა, ეს საერთოდ არ ვრცელდება 1994 წელს ჩაბარებულ სტუდენტებზე. გარდა ამისა, დიპლომის შევსების წესის თანახმად, რომლის პირველი კრიტერიუმი ითვალისწინებს შემდეგ ფაქტს, რომ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ფაქტობრივი მდგომარეობა, როდის გაიცა დიპლომი. და მეორე, რაც ასევე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, ეს არის სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა.

 

 

"იგივე დაწესებულებას აქვს ინფორმაცია, რომ მანამდე, ანუ 1997 წლის კანონამდე, სასწავლო პროგრამას ამტკიცებდა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი. როდესაც ამ კანონმდებლობას ნახავდით და წაიკითხავდით, მერე უნდა გაგჩენოდათ კითხვები. თქვენ ეს არ გააკეთეთ და დასვით კითხვა გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც, სახალხო დამცველის სტანდარტი არის, რომ ნებისმიერი კითხვა უნდა დასვას მტკიცებულებებისა და შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, თანაც ისე, რომ კანონიც წაკითხული ჰქონდეს და შესაბამისი დოკუმენტებიც“, - განმარტა თადუმაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner