logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: კარგა ხანია, არ გამართულა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური კომისიის სხდომა
- +

10 ოქტომბერი. 2019. 12:00

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირველი ვიზიტი სწორედ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელდა“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ვიზიტს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტიც ჰქონდა.

 

„ეს იყო ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი ვიზიტი სწორედ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელდა. ეს კიდევ ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან, სტრატეგიულ პარტნიორთან ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და გაძლიერება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, გაცდა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი ჰქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი იყო ბევრ თემაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ასევე, გეოგსტრატეგიულად მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურულ, გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელებაზე, რომელიც უაღრესად წარმატებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მისი თქმით, გუშინდელი ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან სხვადასხვა საკითხზე შედგა დიალოგი, ძირითადად ეს საკითხები იყო – ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტის განვითარება, ინვესტიციები.

 

„მოგეხსნებათ, კარგა ხანია, არ გამართულა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უახლოეს პერიოდში გაიმართოს ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რომელიც ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს, რაც აქტუალური არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner