logo_geo
eng_logo
პროკურორი: თუ ნიკა მელიას ქმედებები საფრთხეს შეუქმნის აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას...
- +

10 ოქტომბერი. 2019. 18:36

 

„თუ ნიკა მელიას ქმედებები საფრთხეს შეუქმნის აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას, რომ ის შეიძლება მიიმალოს და ა.შ. ყველა კონკრეტული შემთხვევა შეფასდება“,- ამის შესახებ პროკურორმა დავით ნეფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორია პროკურატურის ქმედება, რადგან ნიკა მელია აპირებს, მისი პოლიტიკური საქმიანობა უკვე ხვალიდან გააგრძელოს.

 

პროკურორის განმარტებით, დეპუტატ ნიკა მელიასთვის პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებაში ხელი არასდროს შეუშლია ბრალდების მხარეს.

 

„ყველა კონკრეტული შემთხვევა შეფასდება და იმ შემთხვევაში, თუ ეს საფრთხეები დაინახა მხარემ, შევაფასებთ. გვაქვს შესაძლებლობა, მივმართოთ სასამართლოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. როგორც კი რამე მოხდება, შევაფასებთ თითოეულ ქმედებას საერთო კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა მოხდეს და შემდეგ ვიმსჯელებთ", - განაცხადა დავით ნეფარიძემ.

 

ამასთან, პროკურორის თქმით, სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. დავით ნეფარიძის განმარტებით, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ნიკა მელიას არც ერთ შემთხვევაში არ შეზღუდვია პარლამენტის წევრისთვის არსებული უფლებები, მიდის პარლამენტში და ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას. მისივე თქმით, ნიკა მელია საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან არაერთ სატელევიზო ფორმატში ჩაერთო.

 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ დეპუტატ ნიკა მელიას კვლავ რჩება ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის ტარება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner