„ძალიან კარგია, რომ დავითგარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება, შემდგომი შეთანხმებები წინ გვაქვს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტს აფასებს დ ამბობს, რომ ვიზიტს კონკრეტული შედეგი აქვს.
„მივესალმებით, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დავითგარეჯის მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს დგამენ. ეს საკითხი ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ფორმატში, მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია. ხაზგასმით გამოვყოფდი გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელსაც როგორც იკვეთება, კონკრეტული შედეგი აქვს. ვფიქრობ, ამ პოზიტიურ ტენდენციას შევინარჩუნებთ და საბოლოოდ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივაღწევთ. ძალიან კარგია, რომ დავითგარეჯის კომპლექსში სასულიერო პირების დაშვება ხდება, შემდგომი შეთანხმებები წინ გვაქვს. ეს თემა ეროვნული მნიშვნელობისაა, საზოგადოება, თავად ეკლესია, მთავრობა და პარლამენტი სახელმწიფო ინტერესებს უჭერენ მხარს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით 9 ოქტომბერს აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
გიორგი გახარიამ აზერბაიჯანში ვიზიტი 10 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე შეაფასა და განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავითგარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები დღეიდან გაიხსნება.