logo_geo
eng_logo
ილია ჯიშკარიანი: არ ვარ ამ სიბინძურის ჩამდენი, კიდევ ბევრ ნიუანსს გაიგებს საზოგადოება
- +

11 ოქტომბერი. 2019. 22:07

 

ქალზე ძალადობაში დადანაშაულებული, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, მომხდარის შესახებ კომენტარს აკეთებს და ფაქტის საკუთარ ვერსიას ყვება. 

როგორც დეპუტატი ამბობს, მას თავის თანამშრომელზე არ უძალადია. 6 ოქტომბერს, თამთა თოდაძე ნასვამ მდგომარეობაში იყო, კონფლიქტის ინსცენირება თავად მოახდინა, დამტვრეული საოფისე ტექნიკაც მან გადმოყარა საკუთარი მაგიდიდან და ნამტვრევებზე წაიქა. ოთახიდან გასვლისას კი, ილია ჯიშკარიანს დაემუქრა. 

"ემოციის გარეშე ამ თემაზე ვერ ვლაპარაკობ. როგორ ვიფიქრებდი, რომ პატარა გოგო, შვილის ტოლა გოგო ამას ჩაიდენდა. ის კარში გადიოდა, როცა დამემუქრა, - ნახე შენ რას გიზამო. საზოგადოებას მინდა მოვუხადო ბოდიში, რომ საზოგადოებასთან წოლით მიწევს საუბარი. მე ბინძური საქმეების ჩამდენი არ ვარ. არც გამოძიებას გავექეცი, გასულმა სიუჟეტებმა კი ძალა წამართვა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის აშენებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ვენახი მაქვს გაშენებული და პარალელურად ასეთი ბინძური საქმეები ვაკეთო, მე რა ადამიანი ვიქნები მაშინ. არ ვარ ასეთი ადამიანი. მე კითხვებს არ გავურბივარ", - განაცხადა ილია ჯიშკარიანმა ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში ჩართვისას.

როგორც დეპუტატი ამბობს, მას აქამდეც სურდა მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარის გაკეთება, მაგრამ კლინიკის ადმინისტრაცია და მისი მკურნალი ექიმი ამის უფლებას არ აძლევდნენ. 

"36 წლის ასაკში გადავიტანე პირველი ინფარქტი, ბოლოს კლინიკაში ივლისში ვიწექი. ამ კლინიკის პაციენტი ვარ. მე ვამბობდი თანხმობას, მაგრამ კლინიკა არ მაძლევდა მნახველების მიღების უფლებას. ორ ინფარქტს შაქრიანი დიაბეტიც დაერთო. 54 წლის კაცი, ცხოვრებაში პირველად წარვდექი მოსამართლის წინაშე", - აცხადებს ილია ჯიშკარიანი.

 

მისივე თქმით, ზუსტად იმ დღეს, როცა თამთასთან დაპირისპირება მოხდა, ის საკრებულოში მეუღლეს ელოდებოდა, რადგან ერთად უნდა წასულიყვნენ. ამის მტკიცებულებები და მისი მობილურიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების სახით არსებობს. 

ჟურნალისტის კითხვაზე თუ მომხდარის გამო, თავად დეპუტატმა რატომ არ გამოიძახა პატრული და ოთახი, სადაც დაპირისპირების მტკიცებულებები იყო, რატომ დაალაგებინა, ილია ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ის თავმოყვარე ადამიანია და ამ საქმეში პოლიციის ჩარევა აზრად არ მოსვლია. 

 

"თავმოყვარე ადამიანი ვარ. პატრული რომ გამომეძახებინა, რა დეპუტატი ვიქნები? ერთი პრინტერი გადმოაგდო, სახელმწიფო ქონება დაამტვრია. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მიჩივლებდა და ძალადობას დამაბრალებდა. ველოდებოდი, რომ მეორე დღეს მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა", - ამბობს დეპუტატი. 

რაც შეეხება იმას, თუ სხვა კოლეგების მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა თამთა გოგუაძეს, ილია ჯიშკარიანი ამბობს, რომ ის მისი თანაშემწე არასდროს ყოფილა და საიდან მოვიდა ეს სტატუსი თამთასთან დაკავშირებით, მისთვის უცნობია.  


"3 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ ერთად. თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეკომენდაციით მივიღე სამსახურში, გარდა ამისა, უბნელები ვართ და მის ოჯახს ვიცნობ. თამთამ ბოლო დროს დაიწყო კონფლიქტები ბიუროს სხვა თანამშრომლებთან. არ ერიდებოდა კოლეგების გალანძღვას, ბოლოს დაასრულა ჩემით. კიდევ ბევრ ნიუანსს გაიგებს საზოგადოება", - აცხადებს ილია ჯიშკარიანი. 


როგორც დეპუტატის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ თამთა თოდაძის სხეულზე არ არის ძალადობის და ცემის კვალი, ან რაიმე სახის შეშუპება. ხელზე დაზიანებები მიყენებულია წვეტიანი, ბასრი საგნით. გამოძიება გამორიცხავს გაუპატიურების მცდელობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner