logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: მადლობა თქვენ, რომ ქმნით მომავალს, რომელიც აუცილებლად დაგვაბრუნებს სოხუმში
- +

12 ოქტომბერი. 2019. 11:27

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და 2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება. მათ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად შეძლეს. ამასთან ერთად, კომიტეტის თავმჯდომარემ ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებ წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

 

„სევდიანია აფხაზეთთან დაკავშირებული ნებისმიერი შეხვედრა, მაგრამ დღეს ჩვენ ვზეიმობთ ძალიან დიდ წარმატებას, გმირობის ტოლფასია აფხაზეთში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის სწავლა და შენარჩუნება. მადლობა თქვენს პედაგოგებს, მშობლებს და თქვენ პირველ რიგში, რომ მიუხედავად უდიდესი დაბრკოლებებისა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტები ხართ და ქმნით მომავალს, რომელიც აუცილებლად დაგვაბრუნებს სოხუმში“, - მიმართა ახალგაზრდებს მარიამ ჯაშმა.

 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ლია გიგაურმა შეხვედრაზე სტუდენტებს მიმართა და მათ ის ახალგაზრდები უწოდა, რომლებთან ერთადაც შეიქმნება ერთიანი საქართველო.

 

„თქვენ ხართ ის ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა შექმნათ ერთიანი საქართველო, განსაკუთრებულად ძლიერი უნდა იყო ადამიანი რომ არ შეუშინდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურ დისკრიმინაციას, როდესაც გიკრძალავენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას. თქვენ არ შეუშინდით არც მავთულხლართებს, არც ზეწოლას და მოინდომეთ ჩაგებარებინათ ეროვნული გამოცდები, სამაგალითო მოტივაციაა და ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ თქვენგან უფრო მეტი“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი რონად ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner