„მე მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, მართლაც არ არის ისეთი თემები, რომლის მოგვარებაც არ შეიძლება“,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, დავითგარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, მიმდინარე საკითხები უნდა მოგვარდეს მოლაპარაკებით, კეთილმეზობლობით და დიალოგის რეჟიმში.
„ჩვენ ამისთვის გვაქვს ფორმატი, გარდა უმაღლესი დონის შეხვედრისა, რომელიც გაიმართა და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიულია. ჩვენ გვაქვს კომისია და ამ კომისიის ფარგლებში განიხილება საკითხები. რთული საკითხია, არ არის მარტივი თემა. ამიტომ არის, რომ წლებია ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, რადგან უკავშირდება გარკვეულ ნიუანსებს, მაგრამ ახლა ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, მოძებნილი იქნება შეთანხმება“,- განაცხადა ციხელაშვილმა.