„საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, „ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ“.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო ჩვენ მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით ჩვენ? ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი. ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. წირვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლინა.
სვეტიცხოვლობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.
სვეტიცხოვლობა უქმე დღედ არის გამოცხადებული.