პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებში ხელისუფლება მაღალ კონკურენციას ელის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" 49% მიიღო, მათი მიზანია ეს მაჩვენებელი გააუმჯობესონ.
"2020 წლის არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული არჩევნები, რაც გვახსოვს და ეს არის ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. კონკურენცია იქნება ძალიან მაღალი. ჩვენი ამოცანა, ისევე, როგორც ყველა სხვა პარტიის, არის მაქსიმალური ხმები მივიღოთ საარჩევნო პროცესში. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ უმრავლესობა მივიღოთ. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ იმიტომ, რომ ამ მონაცემის გაუმჯობესება, უკვე ნიშნავს უმრავლესობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გასაკეთებელი ბევრი იქნება.
„მთელი ზაფხული და შემოდგომა გავატარეთ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე. ის მოთხოვნები და მოლოდინები, რაც მოსახლეობას აქვს, ვცდილობთ მაქსიმალურად აისახოს ბიუჯეტი. ეს შეხვედრები იყო კარგი შესაძლებლობა უშუალოდ დავლაპარაკებოდით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ჩვენ თვითონ მოგვესმინა რა მოლოდინები აქვთ. ეს არის სწორი და კარგი პრაქტიკა და ყოველ წელს ასე უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.