ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოდესაში არის პლაჟი, რომელსაც სააკაშვილის პლაჟს ეძახიან.
სოციალურ ქსელში სააკაშვილი ყვება თავისი ოდესური დილის და იმის შესახებ, თუ როგორი პოპულარულია, რომ მასთან ადამიანები მიდიან სამახსოვრო სურათის გადასაღებად.
„ახლა ვიმყოფები ოდესაში, ოდესიდან მოგესალმებით, ძალიან მზიანი დღეა. აქ მიყვარს ხოლმე ველოსიპედით სიარული და აქ არის ჩემი საყვარელი კაფე, სადაც შემოვდივარ და ეგრევე იციან, რომ თითო ჭიქა „სოვინიონ ბლანი“ უნდა დავლიო ახალზელანდიური ან ოდესური. აქ გვერდზე არის და ახლაც ბანაობს ხალხი, პლაჟი რომელსაც ოდესელები ეძახიან სააკაშვილის პლაჟს. ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი, მიტაცებული ჰქონდა ერთ კიეველ მილიარდერს და როდესაც მე აქ გავხდი გუბერნატორი, მივედი ბულდოზერებით, ჩამოვხსენი ეს ღობე, გავუხსენი ხალხს, დავიწყეთ ამ პლაჟის მოწყობა და დაარქვეს სააკაშვილის პლაჟი. რამდენიმე ასეთი პლაჟი დავუბრუნე მე ოდესელებს, რომელიც მიტაცებული ჰქონდათ ადგილობრივ თუ კიეველ ოლიგარქებს", - ამბობს სააკაშვილი და ისტორიას საქართველოს თემით განაგრძბს.
მისი თქმით, საქართველოში კორუფცია ყვავის.
"ცოტა ხნის წინ ამ კაფეში მოვიდა ჩემთან ერთი ადამიანი, სურათი გადაიღო, ბევრი მოდის ხოლმე სურათის გადასაღებად, მან მითხრა, რომ ბიზნესი ჰქონდა ბათუმში, ააშენა იქ კორპუსი და ამ კორპუსის აშენების ნებართვაში გამოართვეს მას ქრთამი. მან თქვა, მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ქრთამს არ იღებდნენ, ჩავედი და აი ასეთი სიტუაცია მაქვს, ქრთამი აიღეს. დღეს დილას მოვფრინავდი ოდესაში თვითმფრინავით, გვერდზე გადმომიჯდა ბიზნესმენი ამერიკელი, ფლორიდიდან და მან მითხრა რომ შემოაქვს დიდი რაოდენობით რაღაც პროდუქტები, უკრაინაშიც, საქართველოშიც. მან მითხრა, რომ ადრე, თქვენს დროს საქართველოში სამოთხე იყო, მერე კიდევ ორი-სამი წელი გაგრძელდაო, ბოლო ორი წელი ინტენსიურად იღებენ ქრთამებს ისევ საბაჟოზე და მაინც სიტუაცია ცოტა ჯობია უკრაინას. მაგრამ ქრთამები დაიწყო და კორუფცია მთელი მასშტაბით ", - განაცხადა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეოჩართვისას.