logo_geo
eng_logo
კახა კალაძე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
- +

17 ოქტომბერი. 2019. 11:38

 

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად,  გვიან ღამით, კახეთის გზატკეცილზე, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კახა კალაძე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შესახებ ისაუბრა.

 

„ჯორჯ ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოწესრიგდა. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება აქ არსებულ სკვერს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სკვერზე მომუშავე კომპანიის დათხოვნა მოგვიწია, რადგან ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა. ახლა ამ სამუშაოებს სხვა კომპანია ასრულებს. მთლიანობაში კახეთის გზატკეცილზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აქამდე აქ არ ჩატარებულა. ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მთლიანად დასრულდება და შესაძლებელი გახდება გადაადგილება. აღნიშნულის პარალელურად, დაირგვება ხე-მცენარეები და დამონტაჟდება განათების ბოძები. ასევე, იცით, რომ აეროპორტის ტრასის მიმდებარედ არსებული მონუმენტის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება და ისიც დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით აგრძელებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას: მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია, ბუშის ქუჩაზე კომპანია „GWP“-მ დაასრულა წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, ხოლო ისნის პანდუსზე - სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, პარალელურად, იგება ასფალტის საფარის ქვედა ფენა. ამ დროისათვის უკვე ასფალტის საფარი 250 000 მ2 ფართობზე დაიგო.

 

მთლიანობაში რეაბილიტაცია უტარდება კახეთის გზატკეცილის 9.5 კმ სიგრძის ორივე მიმართულების სავალ ნაწილს. იცვლება საფუძველი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 გვერდმიმღები ჭა, ბორდიურები და ტროტუარი, 10 000 მ2 ფართობზე. სავალ ნაწილზე, საერთო ჯამში, დაიგება ასფალტის საფარის სამი ფენა, სულ 280 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

 

რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე სრულად გამოიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედ სანათები. პროექტი ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს. კერძოდ, მწვანე საფარი მოეწყობა გამყოფ ზოლებში. საგზაო სამუშაოები პარალელურ რეჟიმში ორივე მიმართულებით გზატკეცილის ორივე მხარეს მიმდინარეობს.

 

გასულ წელს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა კახეთის გზატკეცილის მარჯვება და მარცხენა სათადარიგო ზოლები სრული რეაბილიტაცია, მოეწყო ბეტონის თვალამრიდები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზატკეცილზე არსებულ ავარიულ ხიდს (ე.წ ვარკეთილის ხიდებს).

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები რომელსაც კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, მიმდინარე წლის 3 აპრილს დაიწყო და ნოემბერში დასრულდება. ამისათვის, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 45 000 000 ლარი დაიხარჯება.

 

თბილისის მერთან ერთად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი, „თბილსერვის ჯგუფის“ და კომპანია „გრინსერვისის“ ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner