„ვცხოვრობთ პოლიტიკურ აბსურდში. ყველაფერი არის თავდაყირა. პოლიტიკური ორგანიზაცია, თუ ამას პოლიტიკური ორგანიზაცია ჰქვია, ნაცები და მისი დანამატები, გაოცებული და განრისხებულები გამოდიან, რომ თურმე ბორდერიზაცია ხდება საქართველოში, რომელიც თვითონ მოაწყვეს 2008 წლის შემდეგ და 2007 წელს თვითონ მოუნიშნეს საზღვრები“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს თერთმეტი წლის შემდეგ გაახსენდათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი. გია გაჩეჩილაძის თქმითვე, სწორედ წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად გაძლიერდა რუსეთი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.
„გამოდიან და იძახიან, რომ სანქციებს რატომ არ უერთდებითო. თერთმეტი წლის თავზე გაახსენდათ, რომ თურმე სანქციები არის საჭირო რუსეთის წინააღმდეგ. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ ვაშაძე დანიშნეს და პიარ-სამსახური კრემლთან დაახლოებული პირებით დააკომპლექტეს და ისე იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. გული მწყდება, როდესაც მახსენდება 2002 წელი, როდესაც ყველაფერი მომზადებული იყო ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველოში, სამხედრო ბაზები გადიოდა 1999 წლის სტამბულის შეთანხმების საფუძველზე, როდესაც ერგნეთის ბაზრობის ცივილიზებულ ფორმად გადაკეთების ევროკავშირის გეგმა და დაფინანსება არსებობდა, 2004 წელს შევარდნენ ცხინვალში და სრულიად აღდგენილი ურთიერთობები ჩაშალეს, რომ 2008 წლამდე მისულიყვნენ. მთელ რეგიონში გააძლიერეს რუსეთი. სამხედრო ბაზებს, რომელიც ფაქტიურად გასული იყო, რეანიმაცია გაუკეთეს და სამხედრო ბაზების ნაცვლად რუსეთმა რაკეტული სისტემები დააყენა და რეგიონს ემუქრება. ეს არის მაგათი გაკეთებული საქმე“,-განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.