„ბგერების ეს წყობა, ვისთვისაც უფრო ხშირად ასე სმენადია, იმან გაიგო ასე“, - ასე უპასუხა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელმა ირაკლი მოსეშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას, რომელმაც „იმედის“ ეთერში გასული ხმა „ვცდილობთ“ გაიგო, როგორც „სირო“ და ამას სოციალურ ქსელში, ვრცელი სტატუსი მიუძღვნა.
„მე ვარ ირაკლი მოსეშვილი, ის ადამიანი, ვისი ხმაც ხმამაღალი კავშირით გაისმა პირდაპირ ეთერში. ტექნიკური ხარვეზი იყო. სინამდვილეში საეთეროს, რომელიც მთხოვდა, გადაცემა დროზე დასრულებულიყო, ვეუბნებოდი სიტყვას: „ვცდილობ“. ვინც ჩანაწერს ჯანმრთელი სმენით მოუსმენს, ამას მკაფიოდ გაიგებს, და ვინც მისმენს, სტატუსში დაწერილი ასოთწყობა ჩემს ლექსიკაში არ არის. ისე, ბგერების ეს წყობა ვისთვისაც უფრო ხშირად სმენადია, ალბათ, იმან ასე გაიგო. არ მოველოდი, რომ ბოღმანანთხევი ცინიზმი და შუბლძარღვგაწყვეტილობა ჩემამდეც მოაღწევდა. ისე, „ნაციონალებს“ „სირი“ სულ როგორ ელანდებათ“, - წერს ირაკლი მოსეშვილი.