თბილისის ივ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ორშაბათს რექტორის არჩევნებია დაგეგმილი. რექტორობის სურვილს ოთხი კანდიდატი გამოთქვამს: ნანა შარიქაძე, ნინო ჟვანია, თამარ ჩხეიძე და ირაკლი ცინცაძე.
კონსერვატორიის თვითმართველობის ყოფილი პრეზიდენტი, კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე აცხადებს, რომ სასწავლებელი წლებია მანანა დოიჯაშვილის კლანის მიერ იმართება. დოიჯაშვილი ამჟამად რექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს და ჩაჩანიძის ინფორმაციით, აქტიურად ლობირებს საკუთარ პროტეჟეს რეაქტორის თანამდებობაზე. ჩაჩანიძე ირწმუნება, რომ დოიჯაშვილი 19 წელია თანამშრომლების დაშანტაჟებით და მათზე ზეგავლენის მოხდენით ცდილობს პროცესების მართვას.
სიმონ ჩაჩანიძე, კონსერვატორიის მაგისტრანტია. მისი თქმით, კონსერვატორიაში უკვე წლებია არსებობს კლანური მმართველობის მახინჯი სისტემა. დოიჯაშვილს აქვს მარადიულობის განცდა. ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, წლების განმავლობაში, საკუთარი გავლენების შენარჩუნების მიზნით.
„ეს ადამიანი 11 წელი, თავად იყო რეაქტორი, 8 წელი გახლავთ პრორექტორი. ახლა მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გაყვანით ცდილობს დარჩეს სადავეებთან მომდევნო ოთხი, ან რვა წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩემში ბუნებრივად გაჩნდა პროტესტი და კითხვა - როდემდე შეიძლება?! მე არ ვიბრძვი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, მე ვიცავ სიმართლეს. მერწმუნეთ ჩემს აზრს ბევრი იზიარებს, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. მანანა დოიჯაშვილის მმართველობის სიმახინჯეც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველას მისი შიში აქვს. ვინც ხმას ამოიღებს, დასჯიან სხვადასხვა გზით. 19 წელია ეს ქალი ზის. ამჟამად ის გახლავთ პრორექტორი, კათედრის გამგე, სრული პროფესორი, დიდი და პატარა დარბაზების სამხატვრო ხელმძღვანელი, ამ პოზიციებზე მისი ნებართვის გარეშე არაფერი ხდება“, - აცხადებს სიმონ ჩაჩანიძე.
მისივე თქმით, მანანა დოიჯაშვილის სუბიექტურ შეხედულებებზეა დამოკიდებული სტუდენტების, და არამხოლოდ მათი ხვალინდელი დღე. მაღალია ალბათობა, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში თითოეულ მათგანს შეექმნას პრობლემები, რაც არაერთხელ მომხდარა კონსერვატორიაში.