ლონდონში დღეს ხელი მოეწერება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება.
სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების გასაფორმებლად ლონდონს ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა ლონდონში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ასევე მოინახულა საელჩოს ახალი შენობა.
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას. მისივე თქმით, დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.
ბერუჩაშვილის შეფასებით, საქართველოს და გაერთიანებულ სამეფოს დიდი ხანია სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და გაერთიანებული სამეფო, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური აქტორი, საქართველოს აქტიური მხარდამჭერია.
„ამის დასტურია თუნდაც ის, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც გაერთიანებული სამეფო მსგავსი სახის შეთანხმებას აფორმებს“,- განაცხადა ბერუჩაშვილმა.