სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ოკუპაცია არა მარტო სუსტი მხარე, არამედ ძალიან დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის, რადგან კავკასიაში მშვიდობა კავკასიაში ვერ იქნება, გაურკვეველი ტერიტორიული ერთეულების არსებობისას, რომლებსაც სახელმწიფოებრივი არსებობის არანაირი იურიდიული და სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ.
"თუ კი ჩვენთვის, ქვეყნისთვის ტერიტორია, როგორც პირდაპირი გაგებით ტერიტორია დროებით დაკარგულია, ეს არა მარტო პირდაპირ ტერიტორიულ პრობლემას უკავშირდება, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებას. შემაფერხებელი გარემოებაა არა მარტო დემოკრატიის, არამედ შემაფერხებელი ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისთვის. კარგად მოგეხსენებათ, სოციალ-ეკონომიკური ფონი ჩვენთან მაინცდამაინც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, შესაბამისად არის დიდი სურვილი და ინტერესი საქართველოს მთავრობის მხრიდან, რაც შეიძლება მეტი ინვესტორი მოიზიდოს, უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებზეა საუბარი, თუმცა იქ სადაც ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული ცოტა რთულია ამ თემაზე წარმატებით ისაუბრო. შესაბამისად ოკუპაცია განიხილება არა მარტო იმ ტერიტორიების ოკუპაციის ჭრილში, რომელიც დროებით არის ოკუპირებული, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარების ჭრილში", - განაცხადა ლილუაშვილმა გადაცემა "SWOT ანალიზში" სტუმრობისას.
მისივე თქმით, ოკუპანტი მხარე ცდილობს, შეასუსტოს ქვეყნის, როგორც სტაბილური ქვეყნის სტატუსი და ხელი შეუშალოს მის ინტეგრირებას ქვეყნის დასავლურ, ევროპულ ღირებულებებში.
"ამ პუნქტების ჩამოთვლის ფონზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია. თქვენ წარმოიდგინეთ, საუკეთესო დანაყოფები ოკუპანტი ქვეყნისა განლაგებულია გამყოფი ხაზის გასწვრივ. შესაბამისად ნებისმიერი ჰუმანიტარული აქცია, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან საუბარს, სწორედ ეს ფაქტორია. არის რა თქმა უნდა დაძაბულობა, როგორც ხაზზე, ისევე ხაზის მიღმა, სიღრმეში. შესაბამისად უპრეცედენტო კონტროლია დაწესებული ადამიანების თავისუფალ გადაადგილებაზე, მათ გამონათქვამებზე, ქცევაზე, როგორც პრივატულ საუბრებში, ასევე ღია მასმედიის საშუალებებში მიდის კოლოსალური ცენზურა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთ ძმურ სახელმწიფოში", - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.