სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკა სრულად ეყრდნობა და ჰარმონიზაციაშია მოყვანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან, შესაბამისად მოქმედებს ყველა რეგულაცია, რაც კი მიგრაციულ პოლიტიკას უკავშირდება.
მისივე თქმით, ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისა ჩრდილოატლანტიკური სივრცისკენ სვლასთან მიმართებაში, თუმცა ნებისმიერ განვითარებას, ნებისმიერ თავისუფლების ხარისხის ზრდას ნებისმიერ პროცესში თან მოჰყვება დიდი გამოწვევები უსაფრთხოების მიმართულებით.
"ძალოვნებს თუ ვკითხავთ, იმ ჭრილში, რა ჭრილშიც უწევთ მათ საქმიანობა, ბუნებრივია მათთვის უკეთესია, პროცესი არ იყოს მთლად თავისუფალ რეჟიმში, ვინაიდან სტუმართმოყვარე ქვეყანას შეუძლია მიიღოს გაშლილი ხელით და გულით უამრავი ტურისტი, თუმცა შემომავალი ტურისტებისგან მაინც გამოსარჩევი გვექნება სასურველი და არასასურველი პირები. შეუძლებელი არ არის, იმიტომ რომ ეს შევძელით. შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ რისკის ქვეშ დააყენონ ქვეყნის უსაფრთხოება, ანუ სტაბილურობა. მაქსიმალურად ვცდილობთ შემომავალ ნაკადში გამოვხშიროთ ის ვიზიტორები, რომელთაც არ აქვთ დასაბუთებული პასუხი ვიზიტის მიზანზე, ვერ ასაბუთებენ შემოსვლის მიზანს, ფინანსურ შესაძლებლობებს, რომელ ქვეყანაში ჩამოვიდნენ. ისიც კი არ იციან ხშირ შემთხვევაში, ეს ხდება უკვე ადგილზე, შემოსვლისას, გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კოლეგა უწყებას", - აცხადებს ლილუაშვილი.
მისივე თქმით, საზღვარზე დგას შსს-ს დანაყოფები, მათ სუს-ი რეკომენდაციებით ეხმარება მათ გადაწყვეტილებების მიღებაში.
"ასევე გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ვინაიდან წინასწარ ხდება იმ პირთა პირადი მონაცემების მიწოდება და გადამოწმება სპეციალურ ბაზებში, რომლებიც უკვე თვითმფრინავში სხედან და მოემგზავრებიან საქართველოსკენ. ეს ელექტრონული პროგრამა გვაძლევს ამის საფუძველს. შესაბამისად, კანონმდებლობაშიც 2 წლის წინ თუ არ ვცდები მივიღეთ ეს ცვლილება, რომ ნებისმიერი ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს გამომგზავრებელი და გამოსამგზავრებელი მგზავრების პირადი მონაცემები. ეს საშუალებას გვაძლევს მოვიგოთ დრო, შესაბამისად მგზავრების ჰაერში ყოფნის პერიოდში პირველადი ფილტრი გავატაროთ ამ შემადგენლობას. მე სპეციალური ბაზები ვახსენე, რომელიც ჩვენც გაგვაჩნია და ასევე უზარმაზარი ბაზა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ვისთანაც გვაკავშირებს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, შესაბამისად ჩვენ იდენტიფიცირებას ვახდენთ მათ ბაზებთან შესაბამისობაში მყოფ პარამეტრებთან. ამიტომ ეს პროცესი რა თქმა უნდა ურთულესია, თუმცა მიუღწეველი არაფერი არ არის, ვინაიდან იმ ფონზე, რომ ქვეყანა არის სატრანზიტო ქვეყანა, ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ნაკლები ზიანი მიიღოს ქვეყანამ შემოსული ვიზიტორებისგან", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.