სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ პანკისი არ არის საფრთხის შემცველი რაღაც ანკლავი, როგორც მას შეგნებულად წარმოაჩენენ საქართველოს მტერი სახელმწიფოების პროპაგანდისტები.
მისივე თქმით, რანაირ საფრთხეს პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არ წარმოადგენს.
"იქ ცხოვრობენ ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვეულებრივი ყოფა გააჩნიათ, არაფრით განსხვავებული სხვა კუთხეებში მაცხოვრებელი ადამიანებისგან. ბუნებრივია, პანკისის ხეობაში თავმოყრილია რელიგიურად მუსლიმი მოსახლეობა. იქაც არის მიმდინარეობები, მაგრამ თუ არ მოხდა სპეციალური პროვოცირება, იქ რაღაც მოვლენების, მე ვფიქრობ არანაირ საფრთხეს პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს იქ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სრული ინტეგრაციისთვის მოსახლეობის ძირითადად პროცესებში, რაც ვითარდება ქვეყანაში. ძალიან გვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ვინაიდან უმრავ საინტერესო პროექტს, ჰუმანიტარულ პროექტებს ვგულისხმობ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ. შეეხება ეს ტურიზმის განვითარებას, საგანმანათლებლო მიმართულებას თუ სხვა მიმართულებას, ასე რომ იქ დღესდღეობით არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმისა რომ რაღაც მუქ ფერებში დახატული სიტუაციები განვიხილოთ, არანაირი მსგავსი", - განაცხადა ლილუაშვილმა გადაცემა "სვოტ ანალიზში" სტუმრობისას.