სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსაზრებით, თანამედროვე ახალგაზრდები, ახალი თაობა განათლებული და განვითარებულია, ვერ დაიწუნებ მათ გონებრივ შესაძლებლობებს, თუმცა აკლიათ ეროვნულობის განცდა, რაც იმით არის განპირობებული, რომ შეძლებული ოჯახებიდან შვილებს ნაკლებად უშვებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
როგორც ლილუაშვილმა "იმედის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა, სამხედრო სამსახური საქართველოში დღეს, არამოდურად ითვლება და როდესაც სამშობლოს უჭირს, როცა გმირები დებენ თავს ქვეყნის მშვიდობის სადარაჯოზე, აღმოჩნდება, რომ ამ გმირებიდან, არც ერთი არ არის შეძლებული ან ელიტარული ოჯახებიდან გამოსული.
გრიგოლ ლილუაშვილის შეფასებით, ეს უკვე საზოგადოების მენტალური პრობლემაა.
"როცა მშვიდობა და კეთილდღეობა სხვისი ოჯახის წევრების ხარჯზე გვინდა, ამ დროს ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენმა შვილებმა აჩვენონ სხვას მაგალითი, ეს სერიოზული პრობლემაა. სერიოზულად პრობლემად მიმაჩნია ისიც, რომ შეძლებულ ოჯახს, ვისაც შეუძლია სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადებისთვის თანხა გადაიხადოს, რამდენიმე ათასი, შეუძლია შვილი გაარიდოს სავალდებულო სამსახურის მოხდას და ამით ძალიან ბევრი რამ დააკლოს საკუთარ ქვეყანას", - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.
მისივე თქმით, ბავშვი, რომელიც ვერასდროს ემთხვევა საკუთარ დროშას, რომელსაც გააზრებული არ ექნება მთელი ცხოვრების განმავლობაში საქართველოს ჰიმნი და ის ღირებულებები, რაც ქვეყნის ატრიბუტიკას შეუძლია შეაგრძნობინოს, გაუცხოვდება. მალე, ეს ყველაფერი უცხო იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის.
"თუ დააკვირდებით სამოქალაქო აქტივისტებსაც, მათი ქცევა, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი მათგანის, არ იქნებოდა ისეთი ამოვარდნილი საერთო კონტექსტიდან, მათ რომ ჰქონოდათ გავლილი სამხედრო სავალდებულო სამსახური. სპეციალურად დავინტერესდი ამ კუთხით, არც ერთ მათგანს სამხედრო გავლილი არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ძალიან მეეჭვება, ქართველ კაცს შარვალი ჩაეხადა და უკანალი ეჩვენებინა, თუნდაც მტრისთვის", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.