სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც, ქვეყანაში ომი არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ძლიერი მხარეა ეროვნული უსაფრთხოება.
"ომი ანგრევს განვითარების ყველა პერსპექტივას, ომი კლავს ადამიანებს და ომი არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება ქვეყანას თავს დაატყდეს. ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე არის მშვიდობიანობის ციკლის განსაზღვრული წლები, თუმცა ომის გარეშე გრძელვადიან რეჟიმში ჩვენი ქვეყანა არასდროს არ განვითარებულა. ეს ციკლი ამ შემთხვევაში განაპირობა მოქმედმა ხელისუფლებამ თავისი გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის ხარჯზე", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა გადაცემა "სვოტ ანალიზში" სტუმრობისას.
მისივე თქმით, მშვიდობის დროსაც კი, თუ ხელისუფლება ღირებულს დაკარგავს, ეს მშვიდობა არ განიხილება წარმატებად.
"საბედნიეროდ, ამ წლების განმავლობაში, როცა მშვიდობიან რეჟიმში მოვახერხეთ ცხოვრება, არ დაგვიკარგავს ისეთი ღირებული ინტერესები, რაც შეიძლება დანაკლისად ჩაითვალოს მშვიდობის საპირწონედ. მოვახერხეთ ის, რომ არ დაგვეკარგა ტერიტორიები. ის, რომ მიმდინარეობს „ბორდერიზაცია“, ეს შეუქცევადი პროცესია, ჩვენ მთავარი სადარდებელი და მთავარი პრობლემა ის გვაქვს, რომ საერთოდ არსებობს ეს გამყოფი ხაზი და იქ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები დგანან და არა ის, რომ 2 თუ 3 მეტრით გადმოსწევენ იმ საოკუპაციო ფორტიფიკაციას. სამწუხაროდ იმის პედალირებით, რომ გამყოფი ხაზი გადმოწეულია 2 მეტრით, როცა უნდა იყოს 2 მეტრით იქით, ამით გარკვეულად ლეგიტიმაციასაც კი ვახდენთ იმისას, რომ თურმე ჩვენი მოსაზრებით და ჩვენი მტკიცებით, გამყოფი ხაზი საერთოდ უნდა არსებობდეს და თან 2 მეტრის იქეთ. ამიტომ რიგ შემთხვევაში, როცა ჩვენი ოპონენტები და სამოქალაქო აქტივისტები მოგვიწოდებენ იქითკენ, რომ იქ განლაგდეს, რაღაც დამცავი ქვედანაყოფები, რომლებიც ამ ფორტიფიკაციის და გამყოფი ხაზის გადმოწევას ძალისმიერი მეთოდებით შეუშლის ხელს, ეს თავისთავად მცდარი იდეაა, რადგან სწორედ ეს უნდა მტერს, როდესაც გამყოფი ხაზის აქეთაც განლაგდება შეიარაღებული პირები, რაც ფსევდო საზღვრის ასოციაციას გამოიწვევს", - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.
მისივე თქმით, ამით ცნობიერებაში შევა ის, რომ საზღვარი არსებობს, რომელიც ემთხვევა გამყოფ ხაზს, გამყოფი ხაზის იქეთ დგას იმ ქვეყნის შეიარაღებული ძალა, ხოლო აქეთ - ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალა.
"აი ამ სურათის დახატვას და შედეგის მიღებას ცდილობს ჩვენი მტერი და ჩვენ ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ", - აცხადებს ლილუაშვილი.