საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრაზე, პედაგოგებმა რომლებმაც რეფორმის ფარგლებში სკოლებში წელს პირველად დაიწყეს მასწავლებლის პროფესიით მუშაობა, იმ პრიორიტეტებზე ისაუბრეს, თუ რატომ გადაწყვიტეს მასწავლებლობა.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ საჩანელი აცხადებს, რომ მას სხვა არჩევანიც ჰქონდა, მაგრამ, მასწავლებლის პროფესია ამჯობინა.
„მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მქონდა ორი ალტერნატივა: სკოლაში მუშაობა დაახლოებით 170 ლარად და ბანკში მუშაობა ხუთმაგი ხელფასით. სამსახურის დაწყება იმ პერიოდში მომიწია, როცა ბანკი უნდა ამერჩია, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და ვიყავი ფილიალის მენეჯერი. თუმცა განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გამო გადავწყვიტე წამოვსულიყავი ბანკიდან და დავბრუნებოდი პედაგოგის პროფესიას, რომელიც მნიშვნელოვანი და შემოქმედებითია ჩემთვის.
რეფორმის წყალობით „ახალი სკოლის მოდელშიც“ ვარ ჩართული და ამავდროულად ქართულ ენასა და ლიტერატურასაც ვასწავლი. მთელი ჩემი ძალებით ჩავერთე საყვარელ პროფესიაში, ვაკეთებ საყვარელ საქმეს. თუ ბანკიდან სახლში მოვდიოდი 7 საათზე და ვთიშავდი ფიქრებს, ახლა პირიქით, ღამის პირველ ორ საათამდე ვგეგმავ მომავალი დღის გაკვეთილებს, ახალი სკოლის მოდელის მატრიცებს. ეს ძალიან საინტერესოა და როგორც დედა, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ისწავლის მოდელით, რომელიც უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული და არა დაზეპირებაზე“, - განაცხადა პედაგოგმა.